ვარძია

Sdílet
Vložit
  • čas přidán 11. 09. 2024
  • ეს სამცხე-ჯავახეთია - ძველი მესხეთის ნაწილი... მხარე, საიდანაც იწყება საქართველოს კულტურული განვითარება, მხარე, საიდანაც წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება დაიწყო. უძველესი წარსულისა და უმდიდრესი ისტორიის მქონე მხარე, რომელიც დღესაც აოცებს მნახველს კონტრასტული ბუნებრივი პირობებით, ულამაზესი ლანდშაფტით, კამკამა ჰაერით, მრავალფეროვანი მცენარეული საფარით, სამკურნალო წყლებით, უძველესი ეკლესია-მონასტრებითა და ციხესიმაგრეებით. სწორედ, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში მდინარე მტკვრის ღრმა ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო, მიუვალ კლდეში, მდებარეობს ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლი - ვარძიის სამონასტრო კომპლექსი.
    ერუშეთის მთის კალთაზე, ხეობიდან ამოზიდული, ცად აზიდული კლდის ბუმბერაზ მასივში ამოკვეთილი ვარძიის ანსამბლი, ერთი შეხედვით, თითქოს ზღაპრულ შთაბეჭდილებას ქმნის. ეს პირობითობა - მოულოდნელობა და რომანტიკული შთაბეჭდილება ხუროთმოძღვრის შემოქმედებითი ჩანაფიქრია. არსებითად, ხუროთმოძღვარმა ვარძიის არქიტექტურაში „მიწიერისა“ და „ზეციერის“ იდეალების დაახლოება მოგვცა, რადგან ჩაკეტილი ცხოვრების საწინააღმდეგოდ, ფასადის ფართოდ გახსნილ თაღებს სამონასტრო ცხოვრება გარეთ გამოაქვს, ხალხთან აახლოებს. სინამდვილეში, ვარძიის მონასტერი სამშენებლო-არქიტექტურული თვალსაზრისით სრულიად მარტივი და მკაცრია. ანსამბლის გეგმარება ერთ საერთო რაციონალურ იდეას - ცენტრის, ე.ი. ტაძრის გარშემო მონაზონთა საერთო საცხოვრისების სართულებად შექმნას ემორჩილება. ეს პასუხობდა სამონასტრო ცხოვრების წესდებას - ტიპიკონს. მაგრამ ვარძიის არქიტექტურა უფრო მკვეთრად გამოხატავს მონასტრებში მომხდარ ეპოქალურ ძვრებს, ვიდრე თვით ტიპიკონი. ხუროთმოძღვარი ანსამბლის არსებული ცხოვრების ნორმების გათვალისწინებით ქმნის, - ეს მისი შემოქმედების რეალისტური საფუძველია.
    ვარძიის ხუროთმოძღვარი გატაცებულია ეპოქის ჰუმანისტური იდეებით. მისი შემოქმედებითი პროფესიონალიზმი განვითარებულია უდაბნო-მონასტრებისა და ქართული სახლის ხალხური არქიტექტურის გააზრებით. ქვაბ-უდაბნოსაგან განსხვავებით, სადაც „იმქვეყნიური“ ცხოვრების ასკეტური იდეალები თრგუნავს ადამიანს, ვარძია „ამქვეყნიური“ ცხოვრების ფერხულში ჩაბმული ადამიანის საცხოვრისია.
    “ქართლის ცხოვრებაში” პირდაპირი ცნობებია, რომ მონასტრის შენება მეფე გიორგი III დროს დაწყებულა და შემდგომ თამარის მეფობის დროს დასრულდა. სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის პერიოდში აკურთხეს.
    ვარძიის სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ვარძიის მონასტრის წინამძღვარი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა. ერთხანს ვარძიაში მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც აქ შექმნა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი.
    ხალხური თქმულებით, რომელიც სავარაუდოდ მხოლოდ ლექსიკურ მსგავსებას ემყარება, სახელწოდება "ვარძია" შემდეგ ლეგენდას ემყარება. მეფე გიორგი მესამე დღევანდელი ვარძიის მიდამოებში სანადიროდ ამოსულა მხლებლებთან ერთად. მეფეს თავისი ასული-პატარა თამარიც თან ახლდა. დაიწყო ნადირობა, მეფე და მისი ამალა ისე გაიტაცა ნადირობამ, რომ ბავშვის არსებობა დაავიწყდათ. თამაშში გართული პატარა თამარი კი გამოქვაბულილ ლაბირინთებში დაკარგულა. როდესაც ბავშვი მოიკითხეს და ვერ მიაგნეს, შეძრწუნებულმა მეფემ თამარის ძახილით არამერე შეძრა. იქვე გამოქვაბულთან ერთ მონადირეს დაუძახია თამარ. გამოქვაბულში გზააბნეულმა თამარმა კი სიხარულით შესძახა "აქ ვარ ძია". ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ვარძია.
    კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით, მეფე გიორგი მესამის ბრძანებით მდინარე მტკვრის ხეობის ერთ მაღალ კლდეში ეკლესიის გამოკვეთა დაიწყეს. ლდე იფშვნებოდა და გამოქვაბულთა კვეთა გაძნელდა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საღამო ჟამს, მშენებლებმა იარაღი იქვე კლდესთან დააწყვეს და დაღლილები სახლებში დაბრუნდნენ. მეორე დილით სამუშაოდ მისულებს იარაღი ადგილზე აღარ დახვედრიათ. დიდი ძებნის შემდეგ იარაღი ახლანდელი ვარძიის კლდესთან იპოვეს. გაკვირვებულნი სამუშაო ადგილას დაბრუნდნენ და გამოქვაბულთა კვეთა განაგრძეს. სამი დღე გრძელდებოდა ეს სასწაული. მიხვდენ, რომ თავად ღვთის განგება იყო ამ ადგილას მონატსრის გამოკვეთა.
    ვარძიის ანსამბლის შუაგულში მდებარეობს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. იგი მონასტრის იდეოლოგიური და ამავე დროს კომპოზიციური ცენტრია. ვარძიის კლდოვანი ეკლესია, რომელიც მდიდრული მორთულობთი არ გამორჩეოდა, ცნობილი იყო თავის უნიკალური მოხატულობით. ვარძიის ტაძრის მოხატულობა ქართული მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვანი ძეგლია.
    1989 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ვარძიის კედლებში კვლავ გაისმის „გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი“. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ვარძია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

Komentáře • 1